იესუ ქრისტე... სიონი
საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის არის მიძინების ტაძარი. ვალერი სილოგავას აზრით, საფარის რელიეფზე ისეთივე სიუჯეტი ყოფილა წარმოდგენილი ეკლესიის მაკურთხებელი მაცხოვრის გამოსახულებით და შეიძლება ქტიტორის თუ ქტიტორთა სახელების აღნიშვნით, რომლებიც არ შემორჩენილა, როგორიც ოპიზის 923-937 წწ. დათარიღებულ ცნობილ რელიეფზეა (ნ. ალადაშვილი, რელიეფი ოპიზიდან აშოტ კურაპალატის გამოსახულებით, საქ. მეც. აკად. მოამბე, ტ. XV, N7, 1954, 473-478). ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილის დროიდან ცნობილია, რომ „სიონი ქართულად „ბაზილიკასა“ ჰნიშნავდა“ (ივანე ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, I, მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, თბ, 1948, 77). ხოლო გ. ჩუბინაშვილმა ამ ტერმინს ცალკე ნარკვევი მიუძღვნა მის ცნობილ მონოგრაფიაში ბოლნისის სიონის შესახებ. მისი დასკვნით, მთავარია არა ის, რომ იგი არქიტექტურული ტერმინია, რაც, ალბათ, უფრო შემთხვევითია და ნაკარნახევია ამ სახელის იერუსალიმური ეკლესიის ბაზილიკური ფორმით, არამედ ის, რომ იგი ყოველთვის მიემართება ღმრთისმშობლის (და თვით ღმრთისმშობლის მიძინების) სახელზე აგებულ ტაძრებს (Н. Г. Чубинашвили, Болнисский сион, ენიმკის მოამბე, IX, 1940, 83-85). ვალერი სილოგავა მიიჩნევს, რომ საფარაში ყველა ეს პირობა სახეზეა - აქ არის ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული X ს-ის ტაძარი, აქ აღმოჩნდა რელიეფის ფრაგმენტი, რომელზე გამოსახულ ეკლესიას, წარწერის მიხედვით, სიონი ეწოდება. ამდენად, ამ რელიეფის წარწერების წარმოდგენილი აღდგენები სავსებით საფუძვლიანია. ქართულ ეპიგრაფიკაში ცნობილია სხვა შემთხვევაც, როდესაც ბაზილიკური ტაძარი განმარტებულია, როგორც „სიონი“. ესაა XI საუკუნის ფრესკული კომპოზიცია ოთხთა ეკლესიის საკურთხეველში (ვ. სილოგავა, კ. შენგელია, ტაო-კლარჯეთი, თბ. 2006, 758, ტაბ. 134). აქ გვირგინოსან ღვთისმშობელს ხელში უჭირავს ბაზილიკური ტაძარი, რომელიც საღებავით მიწერილი თანადროული წარწერით განმარტებულია, როგორც „სიონი“.