ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც რამდენიმე სამშენებლო ფენაა გარჩეული, საკურთხევლის წინ სიმეტრიულად დგას 4 მრგვალი მარმარილოს სვეტი. მაყურებლისთვის მარჯვენა ცენტრალურ სვეტზე (რომელსაც კაპიტელი არ აქვს), ძირიდან 170 სმ-ზე მოთავსებულია ბერძნული წარწერა.
სტრიქონის დასაწყისის ქვემოთ შეინიშნება წარწერის კვალი, თითქოს Κ ან Α (ე.ი. ყოფილა II სტრიქონი, უფრო მოკლე I-ზე). მის ქვემოთ გამოსახულია ჯვარი.
სვეტზე მოთავსებულია დაუდევრად გამოყვანილი, ამოკაწრული ბერძნული ასომთავრული წარწერა. ასოები სხვადასხვა ზომისა: სტრიქონის დასაწყისში უფრო მომცრო, ხოლო შემდეგ - უფრო დიდი.
წარწერა დათარიღებულია პალეოგრაფიული ნიშნების (ასოთა მოხაზულობა, იტაციზმი, ο და ω-ს აღრევა) მიხედვით.
უფალო აცხოვნე ბასილი (და...)
არტიკლი τοὺς მრ. რიცხვშია, მას მხოლოდ ერთი სახელი მოსდევს, ქვემოთ კი II სტრიქონის კვალია. ამდენად უნდა ვიფიქროთ, რომ იქნებოდა კიდევ ერთი სახელი მაინც იმისა, ვინც უფალს ცხონებას შესთხოვდა. სახელი Βασιλις მოსალოდნელი ბრალდებითი ბრუნვის ნაცვლად სახელობით ბრუნვაშია. ეს შეცდომა გვაფიქრებინებს იმას, რომ შემსრულებელმა ბერძნული კარგად არ იცის.