ეს არის ჩვენი, გურგენისძეთა, სამკვიდრებელი. მე, იჩქითმა, აღვაშენე, ღმერთმა შეგვინდოს.
This is the inheritance of our Gudgenisdze family. I, Ichkit built it, God forgive us.
ვალერი სილოგავას აზრით, წარწერის ტექსტში იჩქით გურგენისძე ერთგვარი ხაზგასმით აღნიშნავს: „ესე არს სამკჳდრებელი ჩუენიო“. როგორც ჩანს, ვანის ქვაბები ძველი დროიდანვე, ჯერ კიდევ თამარის მეფობამდე და შეიძლება თვით XII საუკუნემდე, გურგენისძეთა სამამულო სამფლობელო ყოფილა. XII საუკუნის ბოლოს ვარძიის გრანდიოზული სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის შემდეგ, როდესაც იგი და, ალბათ, მის გარშემო მიდამოები სამეფო სამფლობელოდ გადაიქცა, გურგენისძეთა სამფლობელოსაც სამეფო სამფლობელოდ გადაქცევის საფრთხე დაემუქრა და იჩქითი ორ სხვადასხვა წარწერაში (ერთი წუნდაში, მეორე ვანის ქვაბებში) საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ეს ადგილები გურგენისძეთა სამკვიდრებელია, ისინი მისი მამულია. 1204 წლიდან, როგორც ვანის ქვაბების ანტონ ჭყონდიდელის ზღუდის აშენების წარწერიდან ჩანს, აქ უკვე სამშენებლო სამუშაოებს მეფის მოხელე ჭყონდიდელ- მწიგნობართუხუცესი აწარმოებს, რაც იჩქითის მამულის სამეფო მფლობელობაში გადასვლის ნიშანი და საბუთია. ვალერი სილოგავა აქედან იმასაც ასკვნის, რომ იჩქით გურგენისძის წარწერის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი 1204 წელია. ხოლო ქვედა ზღვარი, ალბათ, თამარის მეფობის დასაწყისი (1184).