† ყოვლად წმიდაო ვარძიის ღვთისმშობელო, ადიდე ორივე სოფელში ამ დიდი ტრაპეზის აღმაშენებელი პატრონი ივანე, ასუფევე და ცოდვანი შეუნდოს ღმერთმან, ამინ.
სპეციალურ ლიტერატურაში „პატრონი ივანე“ უპირობოდ არის მიჩნეული ათაბაგ ივანე ჯაყელად და ამის მიხედვით წარწერა 1391-1444 წლებითაა დათარიღებული, ვინაიდან საისტორიო წყაროთა მონაცემებით ივანე ათაბაგი 1391-1444 წლებში მოღვაწეობდა. წარწერიდან ირკვევა, რომ ივანე ათაბაგს მონასტრისათვის „დიდი ტრაპეზი“ (ანუ სატრაპეზო) აუგია. ვალერი სილოგავას აზრით, სწორია ის მოსაზრება, რომ ეს ქვა აქ XIX ს-ის 60-იან წლებშია ჩასმული (შინაარსით, თითქოს, არ შეესაბამება თავის ადგილს), თორემ თავდაპირველად სხვაგან, მონასტრის „დიდი ტრაპეზის“ შესასვლელის თავზე იქნებოდა ჩასმული.