† ღვთის დედაო, იმ საშინელ დღეს მეოხ-ეყავ ერისთავთ-ერისთავს ლიპარიტს და მის შვილებს, რომელმაც გულმოდგინებით აგიშენა ეს წმიდა ეკლესია, ამინ.
ზედა ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ვარძიის გამოქვაბულების ჩრდილო-დასავლეთით, სამიოდე კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. იგი ქვის ფილებითაა მოპირკეთებული და ჩუქურთმებით შემკული. გამომცემელი მიიჩნევს, რომ ვარძიის წარწერის ასოებს ბევრი აქვთ საერთო X-XI სს. ხელნაწერთა საზედაო ასოებთან. ეს მსგავსება მას აფიქრებინებს, რომ ოსტატს ზედა ვარძიის წარწერის ასოთა მოყვანილობის და სამკაულის შერჩევისას ნიმუშად X-XI სს. მიჯნის ერთი ან რამდენიმე ხელნაწერი ჰქონდა აღებული. წარწერაში მოხსენიებული ერისთავთ-ერისთავი ლიპარიტი კი შეიძლება ლიპარიტ რატის ძე, ანუ ლიპარიტ II იყოს. წარწერაში სიტყვები ერთმანეთისაგან გამიჯნულია.