ათორმეტთა მოციქულთა ოხოჟონ შეიწყალენ, ამინ
დაღესტანში ყველაზე მეტი ქართული წარწერა აღმოჩნდა დაღესტნურ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აქაროს მთის X-XIV საუკუნეთა ეკლესიის ნაშთების გათხრისას. აქ გამოვლინდა ქვის ჯვრებისა და ქვის კვადრებზე გამოსახული ჯვრების მრავალი ნამსხვრევი. მათ უმრავლესობაზე სავედრებელ-მოსახსენიებელი წარწერებია, რომლებიც შესრულებულია ასომთავრულითა და ნუსხურით. გ. ღამბაშიძის აზრით, ამ წარწერებში ათორმეტთა მოციქულთა ხშირი ხსენება იძლევა საფუძველს იმის სავარაუდოდ, რომ აქაროს მთის ტაძარი უკურთხებიათ წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სახელობაზე. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით ეს წარწერები თარიღდება X-XI საუკუნეებით. გ. ღამბაშიძემ გამოაქვეყნა აქაროს მთაზე მიკვლეული თექვსმეტი წარწერის ტექსტი ილუსტრაციების გარეშე (Гамбашидзе Г.Г. Грузинские лапидарные надписи из христианского храма на горе Акаро над Хунзахом (Дагестан). Кавказ и степной мир в древности и средние века. Махачкала, 2000, 77-78).