საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი

img

საქართველოში აღმოჩენილი ეპიგრაფიკული ძეგლებისა და ქართველ მეცნიერთა მიერ XX საუკუნის 40-იანი წლებიდან შექმნილი კრიტიკული გამოცემების, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მათი საერთაშორისო ეპიგრაფიკული საზოგადოების კვლევის საგნად ქცევისათვის. საქართველოში აღმოჩენილი ეპიგრაფიკული ძეგლების ელექტრონული გამოცემა.

...გაგრძელება

პროექტის შესახებ

საქართველოში აღმოჩენილი ეპიგრაფიკული ძეგლებისა და ქართველ მეცნიერთა მიერ XX საუკუნის 40-იანი წლებიდან შექმნილი კრიტიკული გამოცემების, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მათი საერთაშორისო ეპიგრაფიკული საზოგადოების კვლევის საგნად ქცევისათვის, აუცილებელია თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შეიქმნას საქართველოში აღმოჩენილი ეპიგრაფიკული ძეგლების ელექტრონული გამოცემა - კორპუსები. პროექტის მიზანია ეპიგრაფიკული საზოგადოებისათვის ელექტრონული ეპიგრაფიკული კორპუსის გამოცემის საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა და ამ საკითხის გარშემო მსჯელობის დაწყება.

ეპიგრაფიკული და პაპიროლოგიური ტექსტების გამოცემის პირველი საერთაშორისო სტანდარტი 1931 წელს შეიქმნა და ლაიდენის კონვენციის სახელითაა ცნობილი. 2000 წლიდან ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში იქმნება ერთიანი რეკომენდაციები ეპიგრაფიკული ძეგლების TEI-სა (Text Encoding Initiative) და XML-ში (Extensible Markup Language) სტრუქტურული აღწერისათვის. რეკომენდაციების ერთობლიობა დღეს EpiDoc-ის სახელითაა ცნობილი და მის განვითარებაში ყოველდღიურად არიან ჩართული ლონდონის კინგს კოლეჯის, ლაიფციგის უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულების მკვლევრები.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

EpiDoc-ის წესების ერთობლიობა თავდაპირველად იქმნებოდა ლაიდენის კონვენციის მიხედვით გამოცემული წყაროების ციფრული დოკუმენტირებისათვის. თუმცა დღეს EpiDoc საზოგადოება ყოველწლიურად ფართოვდება და, შესაბამისად, ციფრული გამოცემის წესებში აისახება ახალი საკვლევი ძეგლებისა და გამოცემების თავისებურებები. დღეისათვის მოქმედებს EpiDoc-ის მერვე რედაქცია. სამეცნიერო ღირებულების თანამედროვე ეპიგრაფიკული გამოცემის შექმნისათვის აუცილებელია როგორც EpiDoc საზოგადოებასთან, ასევე ევროპის ძველი ბერძნული და ლათნური ეპიგრაფიკის ქსელ EAGLE Europeana-სთან თანამშრომლობა (ქსელი შექმნილია ევროკომისიის ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების პოლიტიკის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში). EAGLE მუშაობს EpiDoc სტანდარტის მიხედვით შექმნილი ელექტრონული გამოცემების ე.წ. Linked Data-ს (ბმულებით დაკავშირებული მონაცემები) პრინციპით გაერთიანებისათვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ EAGLE ცდილობს სამეცნიერო გამოცემებზე წვდომა ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის მაქსიმალურად გააადვილოს. EAGLE მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს კვლევით დაწესებულებებთან და მათ მონაცემთა ბაზების გამართვაში ეხმარება; ევროპის ეპიგრაფიკოსთა საზოგადოება მობილურ აპლიკაციებს ქმნის არა მხოლოდ საკუთარი პროექტების, არამედ კვლევითი ორგანიზაციების გამოცემებისათვისაც.