ECG117. ვარძიის რატი ერისთავთ-ერისთავის წარწერა

Material: ქვა

Object type: კედელი

Dimensions: cm

Text: წარწერა რვასტრიქონიანია w 81 x h 61 cm

Letters: ფრესკული ასომთავრული წარწერა 1,5-6

Date: 1184-1186 AD (historical, context, prosopography)

Findspot: ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ტაძრის ჩრდილო კედლის დასავლეთ ნიშში, სარკმლის მარცხნივ, გამოსახულია უცნობი ისტორიული პირის პორტრეტი. მას უჭირავს ნიშის მთელი სიმაღლე, დანარჩენი ადგილი კი, სარკმლების ქვემოთ, დათმობილი აქვს წმინდანების პორტრეტებს. უცნობი პირი ოდნავ შემობრუნებულია და ვედრების პოზაში ხელები აქვს გაწვდილი ღვთისმშობლისკენ, რომელიც ცენტრალური სარკმლის მარჯვენა მხარეს არის გამოსახული. ტანზე აცვია წელში გამოყვანილი მოწითალო-მოყავისფრო კაბა, რომელიც მუხლებამდე ეშვება, ხოლო თავზე ახურავს მაღალი ქუდი. მარჯვენა მკლავზე აქვს განიერი სამკლავე აქეთ-იქით თითო ზოლით. მუხლებს ქვემოთ გამოსახულება მთლიანად დაზიანებულია. ღვთისმშობელს მარჯვენა ფეხი გვერდზე აქვს გადგმული. იგი მთელი ტანითაა გამოსახული, მარცხენა მკლავზე ყრმა იესო უზის, ხოლო მარჯვენა გაშვერილი აქვს უცნობისაკენ. მას გრძელი ღია ლურჯი კაბა აცვია და წამოსხმული აქვს მოვარდისფრო მაფორიუმი. ყრმას მარცხენა ხელში გრაგნილი უჭირავს, ხოლო მარჯვენა ხელი წინ აქვს გაშვერილი. უცნობი პირისა და ღვთისმშობლის ფიგურებს შორის მოთავსებულია წარწერა. იგი ყველაზე ვრცელ ტექსტს შეიცავს. წარწერა ვიღაცას ხელით ამოუფხაჭნია იმდენად, რომ საღებავი შერჩენილია მხოლოდ რამდენიმე ადგილას. იგი ქიმიური ხსნარის მეშვეობით დაამუშავეს და მისი მოქმედების შედეგად ასოების ნაკვალევი მუქ ლურჯ ფონთან შედარებით გამუქდა. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა წარწერის ამოკითვა და გაშიფრვა. პირველი და მეორე სტრიქონის ბოლო სიტყვები სრულად არის გადაფხეკილი და მათი წაკითხვა შეუძლებელია. ვალერი სილოგავა მიიჩნევს, რომ, სამწუხაროდ, 1950 წელს ნაწერის გაცხოველების მიზნით მისთვის საეჭვო შემადგენლობის ქიმიური ხსნარების წინდაუხედავად გადასმის გამო წარწერა საერთოდ წაიშალა და დღეს უკვე აღარ არსებობს.

Original location:ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

Last recorded location(s): წარწერა დღეს უკვე აღარ არსებობს

Text type:Unknown

Editor(s): ვალერი სილოგავა

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

✱ ჵ ღ(მრ)თისა დედაო მ[ი]ით(ო)ჳ[(ა)ლ(ე) ]
მსახო(ჳ)რებ(ა)ჲ ჩემ მ(იე)რ მონისა შ(ე)ნ[ი]სა რატი []-
[.. ? ..]ა და [ქ]ართლისა ერისთ(ა)ვისაგ(ა)ნ [რ](ომელმა)ნ ვიგო(ჳ)ლსმო-
დგინე და მოხატვით აღ[ვ]ამკვე წ(მიდა)ჲ ესე ტ(ა)ძ(ა)რი დ(იდე)ბისა
5შ(ე)ნისაჲ და ნა[ცვ]ალ მაგ[ე] წ(ინაშ)ე ძესა შ(ე)ნსა და ღ(მერთს)ა
ჩ(უე)ნსა დღესა მ(ა)ს დიდსა სა(შ)[ჯე]ლ[ი]სას(ა)
და ამას სოფ(ე)ლსა შ(ინ)ა ძეთა
ჩ(ე)მთა [თ](ა)ნა მ[ცვ(ე)ლ] და მფარველ მე[ქ]მენ

Diplomatic

✱ Ⴥ ႶႧႨႱႠ ႣႤႣႠႭ Ⴋ[.]ႨႧჃ[. ]
ႫႱႠႾႭႰႤႡჂ ႹႤႫ ႫႰ ႫႭႬႨႱႠ ႸႬ[.]ႱႠ ႰႠႲႨ []
[.. ? ..]Ⴀ ႣႠ [.]ႠႰႧႪႨႱႠ ႤႰႨႱႧႥႨႱႠႢႬ [.]Ⴌ ႥႨႢႭႪႱႫႭ
ႣႢႨႬႤ ႣႠ ႫႭႾႠႲႥႨႧ ႠႶ[.]ႠႫႩႥႤ ႼჂ ႤႱႤ ႲႻႰႨ ႣႡႨႱႠ
5ႸႬႨႱႠჂ ႣႠ ႬႠ[..]ႠႪ ႫႠႢ[.] ႼႤ ႻႤႱႠ ႸႬႱႠ ႣႠ ႶႠ
ႹႬႱႠ ႣႶႤႱႠ ႫႱ ႣႨႣႱႠ ႱႠ[..]Ⴊ[.]ႱႠႱ
ႣႠ ႠႫႠႱ ႱႭႴႪႱႠ ႸႠ ႻႤႧႠ
ႹႫႧႠ [.]ႬႠ Ⴋ[...] ႣႠ ႫႴႠႰႥႤႪ ႫႤ[.]ႫႤႬ

Translation (ka)

✱ ჰოი, ღმრთის დედაო, მიითვალე მცირედი მსახურება შენი მონის, რატი ერისთავთა ერისთავისა და ქართლისა ერისთავისაგან, რომელმაც ვიგულსმოდგინე და მოხატვით შევამკე ეს წმიდა ტაძარი შენი დიდებისა. მომაგე სანაცვლო შენი ძის და ჩვენი ღმერთის წინაშე იმ დიდი საშჯელის დღეს. ხოლო ამ წუთისოფელში ჩემი ძეების მცველი და მფარველი იყავ.

Commentary

გივი გაფრინდაშვილის მიხედვით, წარწერაში სიტყვების განყოფის ნიშნად ნახმარია ორი ან სამი წერტილი, ხოლო საერთო თავნიშნად რვაქიმიანი ვარსკვლავია დასმული. მეორე სტრიქონზე შემორჩენილი ბოლო ორი ასო, ႰႠ, გამომცემლის აზრით, ერისთვის სახელს უნდა გამოხატავდეს. ეს სახელი კი რატი უნდა იყოს. მომდევნო ასოს შერჩენილი აქვს მუცლის მარჯვენა ნაწილი და ფეხის დასაწყისი, იგი Ⴒ უნდა იყოს, მის ტანში კი შეწიაღებული Ⴈ-ს თავია და ბუნის ნაწყვეტი ნაწილები ჩანს. სახელი რატის მატარებელი თამარის დროს ერთადერთი პიროვნებაა: რატი სურამელი, რომელსაც თამარ მეფემ ქართლის ერისთავობა უბოძა. წარწერაშიც უცნობი პირი ქართლის ერისთავად მოიხსენიება. წარწერაში სიტყვების „ქართლის ერისთავის“ წინ დასმულია კავშირი ႣႠ, რომლის წინ რატის მეორე თანამდებობდა უნდა ყოფილიყო აღნიშნული (ვალერი სილოგავა მას აღადგენს, როგორც ერისთავთა ერისთავი). რაც შეეხება წარწერის დათარიღებას, გივი გაფრინდაშვილისათვის ამოსავალ წერტილს ვარძიის თამარ მეფისა და გიორგი III-ის ფრესკების წარწერებისა და თავად თამარის პორტრეტი წარმოადგენს. როგორც წარწერიდან ირკვევა, გიორგი III ამ დროს გარდაცვლილია, ხოლო თამარ მეფის ფრესკა შესრულებულია მის პირველ გათხოვებამდე (ამ ფრესკაში მის თავსამკაულს არ აქვს მარგალიტებით შემზადებული აცმულა და ნიკაპის ქვეშ ასაკრავი, რასაც მხოლოდ ქმრიანი ქალები ატარებდნენ. დანარჩენ ფრესკებში (ბეთანიის, ყინწვისის, ბერთუბნის) მას ეს ატრიბუტები აქვს). მაშასადამე, ვარძიის ტაძრის წარწერები თავსდება მეფე გიორგი III-ის გარდაცვალებასა და თამარ მეფის გათხოვებას შორის, ე. ი. 1184 წელსა და 1185-1186 წლებს შორის. ვინაიდან ვარძიის ტაძრის წარწერები სავსებით ემთხვევა ერთმანეთს და ერთი ოსტატის ნამუშევარს ჰგავს, რატი სურამელის წარწერაც 1184-1185 წლებით შეიძლება დათარიღდეს.

Bibliography

გაფრინდაშვილი, 1951 გივი გაფრინდაშვილი, უცნობი წარწერა ვარძიაში, 247-254

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169