Dimensions: w 83 x h 209 cm
Text: w 26 x h 57 cm
Letters: 5-8
Date: XIII-XIV AD (lettering)
Findspot: ქობაირის მონასტერი, სომხეთი 2011 წელს ქეთი ასათიანისა და გიორგი კალანდიას ორგანიზებით განხორციელებული ორი სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად ქობერის მონასტერში გამოვლინდა მანამდე უცნობი 9 ახალი ქართული ეპიტაფია
Original location: ქობაირის მონასტერი, სომხეთი
Last recorded location(s): ქობაირის მონასტერი, სომხეთი
Text type:Unknown
Editor(s): Temur Djojua, Giorgi Gagoshidze
Changes history:2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation
Commentary
ეპიტაფიის ტექსტის პირველმა გამომცემლებმა გიორგი კალანდიამ და ქეთევან ასათიანმა წარწერაში მოხსენიებული მსახურთუხუცესის სახელი ვერ ამოკითხეს. თემო ჯოჯუამ და გიორგი გაგოშიძემ ეპიტაფიის II სტრიქონის ის ადგილი, სადაც მსახურთუხუცესის სახელია შესრულებული, თითქმის მთლიანად ამოიკითხეს. წარწერის ამ ადგილას ორი სიტყვაა წარმოდგენილი, რომელთაგან მეორე სიტყვა, უეჭველად, მამაკაცის სახელი „ბუბა“-ა. რაც შეეხება პირველ სიტყვას, ის, დიდი ალბათობით, „ოგლა“-ს ფორმით იკითხება. თუმცა გამომცემლები დაბეჯითებით ვერ ამბობენ, ეს სიტყვა შედგენილი საკუთარი სახელის „ოგლა-ბუბა“-ს პირველი ნაწილია, თუ რაიმე სხვა მნიშვნელობით არის გამოყენებული. ამიტომაც ეს სიტყვა კითხვის ნიშნის ქვეშ მოაქვთ.
თემო ჯოჯუასა და გიორგი გაგოშიძის მიხედვით, დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ მხარგრძელთა ფეოდალურ სახლს საკუთარი სამოხელეო აპარატი ჰქონდა, რომელსაც სათავეში მსახურთუხუცესი (იგივე, გორწაკალი, სასახლის ვაზირი) ედგა. მხარგრძელთა ერთ-ერთი მსახურთუხუცესი, სახელად ხავრასი, მოხსენიებულია ბაგნაირის ბიბლიის 1243 წლის მინაწერში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხავრასმა მსახურთუხუცესობა, რომელიც, სომხურ „იშხანთა თავს“ შეესაბამებოდა, ზაქარია და ივანე მხარგრძელებისადმი გაწეული ერთგული სამსახურისათვის მიიღო. გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანის აზრით, მათ მიერ ქობაირის მონასტერში მიკვლეულ ეპიტაფიაში მხარგრძელთა ფეოდალური სახლის კიდევ ერთი, სხვა წერილობითი ძეგლებისათვის უცნობი მსახურთუხუცესია მოხსენიებული.
თემო ჯოჯუა და გიორგი გაგოშიძე გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანის ამ მოსაზრებას თითქმის მთლიანად იზიარებენ და რამდენიმე დეტალის დაზუსტებას მიიჩნევენ საჭიროდ: 1. ეპიტაფიის II სტრიქონის წაკითხვის შედეგად, ირკვევა, რომ მხარგრძელთა ფეოდალური სახლის ამ, აქამდე უცნობ მსახურთუხუცესს სახელად ოგ͠ლა ბუბა ერქვა; 2. მსახურთუხუცესი ხავრასი ზაქარია და ივანე მხარგრძელების თანამედროვე იყო და, შესაბამისად, მსახურთუხუცესობას XII საუკუნის მიწურულსა და XIII საუკუნის I მეოთხედში ფლობდა. რაც შეეხება მსახურთუხუცეს ოგ~ლა ბუბას, იგი ზაქარია და ივანე მხარგრძელების ჩამომავალთა თანამედროვე უნდა ყოფილიყო და მსახურთუხუცესის თანამდებობაც, ხავრასთან შედარებით, უფრო მოგვიანებით უნდა მიეღო; 3. მსახურთუხუცესი ოგ~ლა ბუბა მხარგრძელთა საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოების, მანდატურთუხუცეს შანშე I-ის ფეოდალური სახლის კუთვნილ საგვარეულო საძვალეში, ქობაირის მონასტერშია დაკრძალული, რაც გამომცემლებს აფიქრებინებს, რომ ოგ~ლა ბუბა „შანშეს სახლის“ მსახურთუხუცესი იყო და არა მხარგრძელთა საგვარეულოს მეორე განშტოების, ათაბაგ-ამირსპასალარ ავაგ I-ის ფეოდალური ოჯახის ანუ ე. წ. „ავაგის სახლისა“, რომლის საგვარეულო საძვალესაც ახტალის მონასტერი წარმოადგენდა; და 4. ის ფაქტი, რომ მსახურთუხუცესი ოგ~ლა ბუბა ქობაირის ქალკედონურ მონასტერშია დაკრძალული, ცალსახად მიგვითითებს იმაზე, რომ იგი, თავისი პატრონების, მანდატურთუხუცეს შანშე I-ისა და მისი ჩამომავლების მსგავსად, ქალკედონური მრწამსის აღმსარებელი იყო.
Bibliography
ჯოჯუა, გაგოშიძე, 2013 თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე, ქობაირის, ჰნევანქისა და ახტალის მონასტრების ქართული ლაპიდარული წარწერები, 279-280
ასათიანი, კალანდია, 2011 ქეთი ასათიანი, გიორგი კალანდია, ქობერის მონასტრის ქართული წარწერები, 10-14