ECG347. ქობაირის მონასტრის მაკარის ეპიტაფია

Material: ქვა

Object type: ეპიტაფია

Dimensions: h 154 x d 61 cm

Text: წარწერა ოთხსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია რუხი ფერის ოთხკუთხა საფლავის ქვაზე, რომელიც ქობაირის მონასტრის ქვედა ეკლესიის დასავლეთით, მისგან დაახლოებით 5მ-ის დაშორებით, მაკარის შვილის გრიგოლის საფლავის ქვის სამხრეთით, მისგან დაახლოებით 20 სმ-ის დაშორებით, მიწაშია ჩადგმული. w 36 x h 52 cm

Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა. კიდურწერტილოვანი 3,5-9

Date: XIII-XIV AD (lettering)

Findspot: ქობაირის მონასტერი, სომხეთი ქობაირის მონასტრის ტერიტორია მთავარი ტაძრის გარშემო, ასევე, ამ ტაძრის იატაკი და მონასტრის ეზო მოფენილია დიდი ზომის ქვის ლოდებით, რომლებიც მიწისძვრისა თუ მცირე მიწისქვეშა ბიძგების შედეგადაა ჩამოცვენილი მონასტრის თავზე წამომართული კლდეებიდან. ამ ლოდების ქვეშ დაფარული და მიუკვლეველია არაერთი უცნობი ეპიტაფია. მეტიც, ცნობილი ეპიტაფიების ნაწილიც ამჟამად უკვე ლოდების ქვეშაა მოყოლილი და მასალის შემოწმება შეუძლებელი ხდება. მაკარისა და მისი ვაჟის, გრიგოლის ეპიტაფიებიც მათ რიცხვშია. ამ 2 ეპიტაფიის ფოტონეგატივები ვალერი სილოგავამ აღმოაჩინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ფოტოთეკაში. მათი საინვენტარო ნომრებია: 5363 და 5367. ამ მასალის შესახებ სხვა ცნობები არ ჩანს.

Original location:ქობაირის მონასტერი, სომხეთი

Last recorded location(s): ქობაირის მონასტერი, სომხეთი

Text type:Unknown

Editor(s): თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე

Changes history:2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

†ესე საფლ(ა)ვი არის
მ(ა)კარისი შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ და
მ(ა)სცა შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ ვინც-
ა თქუას

Diplomatic

†ႤႱႤ ႱႠႴႪႥႨ ႠႰႨႱ
ႫႩႠႰႨႱႨ ႸႬ ႶႬ ႣႠ
ႫႱႺႠ ႸႬ ႶႬ ႥႨႬႺ
Ⴀ ႧႵႳႠႱ

Translation (ka)

ეს არის მაკარის საფლავი, შეუნდოს ღმერთმა; და მასაც შეუნდოს ღმერთმა, ვინც თქვას [შენდობა].

Commentary

წარწერაში ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია განივი კლაკნილი ხაზი; განკვეთილობის ნიშნები: ორწერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ; III სტრიქონის მერევე გრაფემის - Ⴌ (ნ) - შემდეგ ორწერტილი და ხაზი, ხოლო ტექსტის ბოლოს წერტილი და წვერით მარჯვნივ მიმართული ისრისპირისებური ნიშანია დასმული; ტექსტში ბგერა უ, ერთ შემთხვევაში, Ⴍ-ს (ო) საშუალებით არის გადმოცემული; გვხვდება შეწიაღების შემთხვევები. წარწერა დაზიანებული არ არის და ტექსტი თავიდან ბოლომდე გარკვევით იკითხება.

თემო ჯოჯუასა და გიორგი გაგოშის მიხედვით, მაკარის ეპიტაფია ქართველმა მკვლევრებმა (?) პირველად 1930-იან წლებში მოიხილეს და მისი ფოტონეგატივი თბილისში ჩამოიტანეს. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ამ ფოტონეგატივით საგანგებოდ დაინტერესდა ვალერი სილოგავა. მკვლევარმა იმ ფოტოგრაფის ვინაობა, რომელმაც ეპიტაფიის ფოტონეგატივი დაამზადა, ვერ დაადგინა, თუმცა კი გაარკვია, რომ ფოტონეგატივი თავდაპირველად ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის საკუთრება იყო, მოგვიანებით კი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს გადაეცა. გარდა ამისა, ვალერი სილოგავამ მაკარის ეპიტაფიის ადგილზე მოძიებაც სცადა, მაგრამ მას ვერ მიაკვლია და ივარაუდა, რომ ეს საფლავის ქვის წარწერა ქობაირის მონასტრის მიმდებარე კლდეებიდან ჩამოცვენილი ლოდებით უნდა ყოფილიყო დაფარული. საბოლოოდ, ვალერი სილოგავამ მაკარის ეპიტაფია მის ფოტონეგატივზე დაყრდნობით გამოსცა და ამ პუბლიკაციას, დამატებით, წარწერის ფოტო და ფოტოს მიხედვით შესრულებული პალეოგრაფიული პირიც დაურთო. ვალერი სილოგავას შემდეგ მაკარის ეპიტაფიის ადგილზე მოძიება გიორგი კალანდიამ და ქეთევან ასათიანმაც სცადეს, მაგრამ მათი მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა და ეპიტაფია ქობაირის მონასტრის დაკარგული ქართული ლაპდარული წარწერების რიცხვში აღმოჩნდა.

2012 წელს დალი ჩიტუნაშვილმა და გიორგი პატაშურმა მაკარის დაკარგულად მიჩნეულ ეპიტაფიას ქობაირის მონასტრის ტერიტორიაზე, უფრო ზუსტად კი, მონასტრის ძირითადი ნაწილისაგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, ქვედა დონეზე მდებარე პატარა დარბაზული ეკლესიის ეზოში მიაკვლიეს (დ. ჩიტუნაშვილი, გ. პატაშური, სომხეთის ქართული ძეგლები, 2012 (მოხსენების მასალები). მაკარის ეპიტაფიის გამოვლენის შემდეგ ცხადი გახდა, თუ რატომ ვერ მიაკვლიეს მას სხვა ქართველმა მკვლევრებმა: ვალერი სილოგავა, გიორგი კალანდია, ქეთევან ასათიანი და სხვები ეპიტაფიას, როგორც ჩანს, მონასტრის ძირითად ნაწილში, მისი მთავარი ეკლესიისა და სატრაპეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებდნენ, წარწერა კი, რეალურად, მონასტრის სულ სხვა ნაწილში, მისი ქვედა ეკლესიის ეზოში მდებარეობდა.

ვალერი სილოგავას აზრით, მაკარისა და მისი შვილის, გრიგოლის, ეპიტაფიების ტექსტი შედგენილია მსგავსი ტრაფარეტული ფორმულით, რომელიც ქობაირის მონასტრის სხვა ეპიტაფიების ფორმულის მსგავსია, თუმცა მათ შორის მცირედი განსხვავებაც არის. მაგ., ქობერის ყველა ეპიტაფია იწყება სიტყვებით: „ესე საფლავი...“ და შემდეგ დასახელებულია დაკრძალული პირი. მაკარისა და გრიგოლის ეპიტაფიაში აღნიშნულ სიტყვებს მოსდევს „არის“, ე.ი. „ესე საფლავი არის...“. გარდა ამისა, ქობერის ყველა ცნობილი ეპიტაფიისაგან განსხვავებით, მაკარისა და გრიგოლის წარწერა მთავრდება სიტყვებით: „და მასცა შეუნდვენ ღმერთმან, ვინცა თქუას“. ვალერი სილოგავა ასკვნის, რომ ისინი ქობაირის მონასტრის ეპიტაფიების ტრაფარეტული ტექსტების შემდგომ განვითარებად შეიძლება მივიჩნიოთ და ქრონოლოგიურად მათ მომდევნო დროს აკუთვნებს. პალეოგრაფიული ნიშნებისა და ტექნიკური შესრულების ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს წარწერები სხვადასხვა პირების მიერ შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. სამწუხაროდ, მაკარისა და გრიგოლის პიროვნებები სხვა წყაროებით უცნობია.

Bibliography

ჯოჯუა, გაგოშიძე, 2013 თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე, ქობაირის, ჰნევანქისა და ახტალის მონასტრების ქართული ლაპიდარული წარწერები, 304-305

სილოგავა, 1990 ვალერი სილოგავა, ეპიგრაფიკული ეტიუდები და შენიშვნები, 112-115

Images

   Fig. 1.

   Fig. 2.