ECG002. წილკნის აკლდამის ბერძნული წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: აკლდამა

დეკორი:

წარწერაზე არის 4 ქრიზმა: I - პირველი სტრიქონის თავზე, მარცხენა კუთხეში (Α†ω), 3 - წარწერის ქვემოთ (IV სტრიქონი ნაწილობრივ ამ ქრიზმებს შორისაა ჩაწერილი). ამ სამიდან - ცენტრალური არის პირველი ქრიზმის მსგავსი: Α†ω; მარცხენას აკლია Α, ხოლო მარჯვენასთან მხოლოდ ჯვარია (ასოები ჩამოცვენილია).

წარწერიანი ზედაპირი: წილკნის თლილი ქვებით საგულდაგულოდ ნაგები მიწისქვეშა აკლდამის შიგნითა დასავლეთ კედელზე, რომელიც კირხსნარით არის დაფარული, გამოყვანილია ამჟამად ძალიან დაზიანებული ბერძნული ასომთავრული წარწერა, რომელიც მარჯვნისაკენ ოდნავ შეღმართზე არის ნაწერი. წარწერას უკავია 2,66 მ. - 2,98 მ. (ე.ი. დას. კედლის თითქმის მთელი სიგანე). w 2,66 - 2,98 m

ასოთა მოხაზულობა:

წარწერა შესრულებულია წითელი და შავი საღებავებით. შთაბეჭდილება ისეთია, რომ ტექსტი თავდაპირველად წითელი ასოებით იყო შესრულებული, შავი - მეორადია (შავი ასოების შიგნიდან ზოგან გამოსჭვივის წითელი ფერი). გარდა 4 ძირითადი სტრიქონისა და ქრიზმებისა, ბათქაშზე აქა-იქ ჩანს კვალი შავი საღებავისა, ე.ი. ჩანს, რომ ეწერა კიდევ რაღაცა იმის გარდა, რაც ახლაა დაცული. წარწერა მთლიანად ერთბაშად არც არის შესრულებული, IV სტრიქონი მერეა მიწერილი, მაგრამ ინტერვალი დროის მხრივ დიდი არ უნდა იყოს.

ასოები არათანაბარია, I სტრიქ. ძირითადად 11 სმ-ის სიმაღლისა, II - 10,5 სმ., III - 10,5 სმ. IV არათანაბარი და თითქოს უფრო წვრილი ხელით არის მიწერილი. ასოები კუთხოვანია (გამონაკლისს წარმოადგენს ქრიზმებთან გამოყვანილი ω, რომელიც მომრგვალებულია), ტოლგვერდებიან α-ს შემაერთებელი ხაზი ჩატეხილი აქვს. წარწერა ფართოდაა ნაწერი. არ შეინიშნება შეცდომები და საშ. ბერძნულის ნორმები. დასტურდება ერთი ლიგატური (ΜΕ-სთვის).

11 - 10,5

დათარიღება: IV-V AD (context lettering)

სადაურობა: წილკანი

თავდაპირველი მდებარეობა: წილკანი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: წილკანში მდებარე აკლდამა

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-04-25 TK ფოტო, რედაქტირება, თარგმანის კოდირება

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ΑΩ
ἐγὼ Τικᾶς καὶ ἡσυ[χαστὴς]
[ἀββ]ᾶ μου Φαρανούσης ἐποιήσαμ͡εν
[β]ωμὸν τοῦτον ἰσό[δ]ομ[ον]
5[ἑαυτοῖς Π]α[π]ριοῦπας Ἰσδ[ιγέρδης]
(scil. πρὸς) (scil. δὲ) (scil. καὶ) [ἐνθάδε κεῖνται]
[Α]Ω ΑΩ ⟦[Α]⟧⟦[Ω]⟧

დიპლომატიური

ΑΩ
ΕΓΩΤΙΚΑΣΚΑΙΗΣΥ[......]
[...]ΑΜΟΥΦΑΡΑΝΟΥΣΗΣΕΠΟΙΗΣΑΜ͡ΕΝ
[.]ΩΜΟΝΤΟΥΤΟΝΙΣΟ[.]ΟΜ[..]
5[........]Α[.]ΡΙΟΥΠΑΣΙΣΔ[.......]
(scil. ΠΡΟΣ)(scil. ΔΕ)(scil. ΚΑΙ)[.............]
[.]ΩΑΩ⟦[.]⟧⟦[.]⟧

თარგმანი: (ka)

მე, ტიკასმა და ბერმა, ჩემმა ამბა ფარანუსესმა გავაკეთეთ ეს აკლდამა თლილი ქვებისგან ჩვენთვის. პაპრიუპასი(?) ისდიგერდესი(?) ასევე აქ განისვენებენ.

თარგმანი: (English)

I, Tikas and the priest, my father Pharanuses built this tomb with slab stones. Papriupas (?) Isdigerdes (?) are also buried here.

კომენტარი:

ქრიზმათა რაოდენობა წარწერებში რაიმეს განმსაზღვრელი არაა. I ქრიზმა, წარწერის თავში არის ერთგვარი აპელაცია ქრისტეს მიმართ; ქვემოთა ქრიზმებს, რომლებიც სიმეტრიულად არის ჩაფიქრებული, ერთგვარად ორნამენტის მნიშვნელობაც აქვთ, ისინი ამთავრებენ ტექსტს. ასეთი ქრიზმები გვხვდება ყველგან, ყველა დროს, სადაც ქრისტიანობა არსებობს. α და ω ქრისტეს სიმბოლოა, რაც მომდინარეობს იოანეს გამოცხადებიდან (1,8; 21,6): ἐγὼ εἰμι τὸ ἄλφα καὶ τὸ ὦ, λέγει κύριος ὁ θεός (მე ვარ ანი და ჵ, პირველი და უკანასკნელი, იტყჳს უფალი). აკლდამა საეკლესიო პირთა, ქრისტიან ღვთისმსახურთა განსასვენებელი იყო. იგი აიგეს ტიკასმა (რომელიც, როგორც ჩანს, მთავარი პირია და მას განმარტება არ სჭირდება) და ფარანუსესმა (ტიკასთან დაახლოვებულმა პირმა, ბერმა, მონასტრის წინამძღვარმა) თავისთვის. მათ შემდეგ კიდევ რამდენიმე კაცი დაკრძალულა შიგ, როგორც ჩანს, ამავე რიგის მოღვაწენი. სახელები, რომლებიც რეალურად არის წარწერაში (Τικᾶς, Φαρανούσης) ბერძნულ-რომაული წარმოშობის არაა (Φαρανούσης იგივე Φαρναούσης ირანული სახელებია), მაგრამ აშკარად გაბერძნულებული ფორმით არიან გადმოცემული. პირობითად აღდგენილი სახელები (Παπριοῦπας, Ἰσδιγέρδης) ასევე ირანული წყობისაა. ბერძნულად ნაწერ წილკანში დაცულ ძეგლში ირანულ სახელთა სიუხვე იბერია-ირანის კონტაქტების მაუწყებელია.

ბიბლიოგრაფია:

ყაუხჩიშვილი, 2004: საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 213-214

ფოტო

   Fig. 1. წილკნის აკლდამა, 2016