ECG015. ბერძნულწარწერიანი ვერცხლის ლანგარი არმაზისხევიდან

მასალა: ვერცხლი

ობიექტის ტიპი: ლანგარი

დეკორი:

ქუსლის შუაში არის ამოკაწრული ნიშნები, რაც აშკარად ბერძნული არაა. პ. ინგოროყვას ისინი ქართულად მიაჩნია.

წარწერიანი ზედაპირი: ვერცხლის ლანგრის ქუსლს ირგვლივ პუნქტირით ამოჭრილი აქვს ბერძნული წარწერა, წარწერა წრეს არ კრავს.

ასოთა მოხაზულობა:

წარწერა მომრგვალებული ასოებით, ლამაზი ხელით არის გამოყვანილი.

დათარიღება: II-III AD (lettering)

სადაურობა: არმაზისხევი ლანგარი მოპოვებულია არმაზისხევთან, ე.წ. ბერსუმას სამარხში.

თავდაპირველი მდებარეობა: არმაზისხევი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: სახელმწიფო მუზეუმი ა40/III1

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

1
ἐγὼ βασιλεὺς Φλ(αύιος) Δάδης ἐχαρισάμην Βερσουμᾷ πιτιάξῃ
2
Μακεδόνι

დიპლომატიური

1
ΕΓΩΒΑΣΙΛΕΥΣΦΛΔΑΔΗΣΕΧΑΡΙΣΑΜΗΝΒΕΡΣΟΥΜΑΠΙΤΙΑΞΗ
2
ΜΑΚΕΔΟΝΙ

თარგმანი: (ka)

მე, მეფე ფლავიოს დადესმა მივუძღვენ ბერსუმა პიტიახშს (ეს ლანგარი). მაკედონს

თარგმანი: (English)

I, King Flavios Dades, gave this to Bersuma Bidaxsh.

კომენტარი:

ასოთა მოხაზულობით (α ჩატეხილი შუა ხაზით, მრგვალი ε, σ, ω, μ, β, დამახასიათებელი ξ), შემოკლების ნიშნით (Φ˘Λ), რომაული ხანისათვის დამახასიათებელი – ιος სახელების – ις დაბოლოებით წარმოდგენით (Μακεδόνι) წარწერები I საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. სამარხში აღმოჩენილი თანმხლები ინვენტარისა და მონეტების მიხედვით ნივთი (და მასზე გამოყვანილი წარწერა) II-III AD სს–ით თარიღდება.

სიტყვა Μακεδόνι უნდა იყოს სახელი Μακεδών ან Μακεδόνις მიცემით ბრუნვაში, ე.ი. როგორც მიეძღვნა ნივთი ბერსუმას, ასევე მიეძღვნა, თუ ეკუთვნოდა ის მაკედონიოსს. Μακεδόνι, როგორც დავინახეთ, ნაწერია სრულიად სხვა ხელით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია ამ ორი წარწერის სხვადასხვა დროით დათარიღება. შესაძლებელია ერთ დროს შესრულდა ეს წარწერები, მაგრამ სხვადასხვა სტილით. არამცთუ წარწერებში, ხელნაწერებშიც Α – ასეთი სახით ჩნდება ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნაზე და ვრცელდება I-II სს–ში.

ძირითადი, საგულდაგულოდ შესრულებული ბერძნული წარწერის მიმართ აღსანიშნავია: შემოკლება ΦΛ და მიცემით ბრუნვაში გამოტოვება ι subscriptum–ისა. ასოთა მოხაზულობიდან ყურადღებას იქცევს მიდრეკილება სიმრგვალისაკენ. შემოკლების შტრიხი ˘ სახით. ξ–ს ვხვდებით ამ მოხაზულობისას I ს–ში, ასევე უნდა ითქვას სხვა ასოების მიმართაც. ამ ნიშნების მიხედვით, წარწერა ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. თვით სამარხი 251 წელზე ადრინდელი არ არის, მასში აღმოჩენილი მონეტების მიხედვით. თვით ბერძნული წარწერებიც დაახლოებით ამ დროისა (III ს–ის დასაწყისისა, ან II ს–ის მიწურულისა) უნდა იყოს.

ნივთის მბოძებელი არის მეფე ფლავიოს დადესი, მფლობელი – ბერსუმა პიტიახში. მაკედონი ან ბერსუმას მეორე სახელია, ან ბერსუმას შემდგომი პატრონია ამ ნივთისა. წარწერაში ყურადღებას იპყრობს იბერიის ისტორიულ პირთა მოხსენიება: მეფეს, დადესს, დამატებით აქვს ფლავიუსების დინასტიის სახელი, რაც ენიჭებოდათ ამ გვარის მიერ დაფასებულ პირებს. ფლავიუსი და მაკედონი – ბერძნულ–რომაული სახელებია. ბერსუმა – სირიული (=ძე მმარხველისა), დადეს – ძირის სახელები გავრცელებულია მთელ ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებში, მისი ეტიმოლოგიის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს (ირანული, ბერძნული...).

სახელი "ბერსუმა" (რაც პიტიახშს ეწოდება) ქართული სინამდვილისთვის ამ წარწერამდე უცნობი იყო. ესაა სირიული სახელი Bar Saumā და ნიშნავს "ძე მმარხველისა". როგორც ვხედავთ, ქართველ პიტიახშებს ხშირად ჰქვიათ სხვადასხვა წარმოშობის სახელები (ბერსუმა, ასპავრუკი, პუბლიკიოს აგრიპა...), მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ უცხო სახელის მატარებელი მაინცდამაინც უცხოელი იყო. პ. ინგოროყვა სახელ "ბერსუმას" კითხულობს "ბერცუმად" (ძველ ქართულში დამოწმებული სახელის "ბარცომი" და "ბარაცმანის" ანალოგიით, მაგრამ ისიც გასარკვევია "ბარცომი" და "ბარაცმანი" რა წარმოშობისა და ეტიმოლოგიისა არიან). სახელი "ბერსუმა" ბერძნულშივე გვხვდება მეორე ფორმით: Βαρσουμᾶς. ამგვარად, სირიული Bar Saumā (ფშვინიერი s–თი) ბერძნულად გადმოიცემა Βερσουμᾶς || Βερσουμᾶς ფორმით).

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 267–268

ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 264–266

ფოტო

   Fig. 1. ვერცხლის ლანგარი არმაზისხევიდან, 1940