მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა რვასტრიქონიანია cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ნუსხურნარევი ასომთავრული
დათარიღება: 1125-1155 AD (prosopography)
სადაურობა: საროს ციხე
თავდაპირველი მდებარეობა: საროს ციხე
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ქრისტე, ადიდე ძლიერი და უძლეველი მეფეთა მეფე დემეტრე, რომელმაც რეხი მამულებით გვიბოძა. იმ დროს ეს ციხე ავაგეთ. მე, ვაჩემ, დავწერე, გურგენის ძემ. და მაჭას მამული.
კომენტარი:
საროს ციხის ნანგრევები, თითქმის ციკლოპური ზომის ქვები, დღესაც შემორჩენილია და მეტად შთამბეჭდავია. სარო და მისი მიმდებარე ტერიტორია ყოველთვის ჯავახეთის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა დღეს მისი მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია ახალციხის ეპარქიაში შედის. საროს ციხის წარწერა, როგორც წერილობითი ძეგლი, საინტერესოა დამწერლობის თვალსაზრისით. ამ ასომთავრულ წარწერაში დიდი რაოდენობითაა შერეული, ჩართული ნუსხური ასოები - ა, ბ, გ, დ, ვ, თ, ი, ლ, ო, ტ, ც. საროს ციხის საამშენებლო წარწერა იმავდროულად არის მეფის მიერ ფეოდალისათვის სოფლების მამულობით ბოძების დოკუმენტი, ეპიგრაფიკული საბუთი. მასში დასახელებულია დემეტრე I და წარწერას სწორედ ამის მიხედვით ათარიღებს 1125-1155 წლებით ვალერი სილოგავა. წარწერაში აღნიშნულია, მეფემ რომ რეჴი და მაჭა (სოფლების სახელებია) მამულობით გვიბოძა, „მას ჟამსა ესე ციხე ავაგეთ“. ამის შემდეგ აღნიშნულია: „მე, ვაჩე დავწერე, ძემან გურგენისმან“. ვალერი სილოგავას აზრით, ეს ტექსტი თავისი შინაარსით თითქოს წარწერის ტექნიკური შემსრულებლის სახელს გადმოსცემს, მაგრამ სინადვილეში ასე არ არის. ამის წინა ტექსტში არც ისაა აღნიშნული, თუ ვინ ააგო „ესე ციხე“ და არც ის, თუ ვის უბოძა მეფე დემეტრემ რეჴი. ისე გამოდის, რომ არც ციხის ამგების სახელია ცნობილი და არც იმისი, ვისაც სოფლები ებოძა. ცხადია, ასეთ ბოძებას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნებოდა. ამიტომ ციხის ამგებად და რეჴის მამულობით მიმღებად ვაჩე გურგენისძე უნდა მივიჩნიოთ, რომლის სახელი და გვარი ტექსტის ბოლოსაა ამოკვეთილი. წარწერის ბოლოს აღნიშნული მაჭა, ისევე როგორც რეჴი, დღეს დაკარგული ტოპონიმებია, რომლებიც სამცხეში იქნებოდა. მაჭა, სავარაუდოდ, ვაჩე გურგენისძეს რეჴის ბოძების შემდეგ ებოძა და ცნობა ამის შესახებ ქვაზე გვიან ამოკვეთეს, ან ვაჩემ მას იმთავითვე ფლობდა და რეჴის ბოძებასთან და ციხის აშენებასთან ერთად ხელახლა დაუმტკიცეს. „და მაჭას მამული“ ტექსტში უნდა ჩაიწეროს „რეჴი მამულობით გჳბოძას“ შემდეგ და მთელი მსჯელობა გასაგები გახდება.
ბიბლიოგრაფია:
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169