ECG338. ქობაირის მონასტრის ეპიტაფია შანშეს მწიგნობართუხუცესის მათესი და მისი მეუღლის თენისა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ეპიტაფია

ზომა: w 78 x h 132 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა სამსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია მოვარდისფრო-რუხი ფერის საფლავის ქვაზე, რომელიც ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ორნაწილიანი მცირე სამლოცველოს აღმოსავლეთი ნაწილის იატაკშია ჩადგმული; საფლავის ქვას ზედა და ქვედა მარჯვენა კიდეები მომრგვალებული, ხოლო დანარჩენი ორი კიდე დაკუთხული აქვს. w 24,5 x h 51 cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა, ლამაზი ხელით შესრულებული 2-7

დათარიღება: XIII-XIV AD (lettering)

სადაურობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი 2011 წელს ქეთი ასათიანისა და გიორგი კალანდიას ორგანიზებით განხორციელებული ორი სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად ქობერის მონასტერში გამოვლინდა მანამდე უცნობი 9 ახალი ქართული ეპიტაფია

თავდაპირველი მდებარეობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე

ცვლილებები ფაილში: 2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ესე ს(ა)ფლ(ა)ვი შ(ა)ნშეს მწ(ი)გნ(ო)-
ბ(არ)თო(ჳ)ხ(უ)ცესისა მათესი და მ-
ისისა მეუღლისა თენისი შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ

დიპლომატიური

ႤႱႤ ႱႴႪႥႨ ႸႬႸႤႱ ႫႼႢႬ
ႡႧႭႾႺႤႱႨႱႠ ႫႠႧႤႱႨ ႣႠ Ⴋ
ႨႱႨႱႠ ႫႤႳႶႪႨႱႠ ႧႤႬႨႱႨ ႸႬ ႶႬ

თარგმანი: (ka)

ეს არის შანშეს მწიგნობართუხუცესის, მათეს, და მისი მეუღლის, თენის, საფლავი, ღმერთმა შეუნდოთ.

კომენტარი:

წარწერაში ქარაგმის ნიშნები არ არის გამოყენებული. განკვეთილობის ნიშნები: პატარა რგოლი ან ორწერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ; ტექსტში ბგერა უ, ერთ შემთხვევაში, Ⴣ-ს (ჳ) საშუალებით არის გადმოცემული; წარწერაში გვხვდება ლიგატურისა და შეწიაღების შემთხვევები. წარწერა დაზიანებული არ არის და თავიდან ბოლომდე გარკვევით იკითხება.

თემო ჯოჯუასა და გიორგი გაგოშიძის მიხედვით, „შანშას“, ანუ ათაბაგ-ამირსპასალარის შანშე II მხარგრძელის ერთ-ერთი უმაღლესი მოხელის - მწიგნობართუხუცეს მათესა და მისი თანამეცხედრის თენის ეპიტაფიასთან დაკავშირებით იმთავითვე დაისმის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ არიან მათე და მისი ცოლი დაკრძალული ცალკე მდგომ სამლოცველოში და არა ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის კარიბჭესა თუ კარიბჭის წინ, ეზოში, სადაც მხარგრძელთა საგვარეულოს ე. წ. შანშეს ფეოდალური სახლის სხვა მაღალი მოხელეები და დიდგვაროვანი ვასალები - მსახურთუხუცესი ოგ~ლა ბუბა, მეღვინეთუხუცეს ივანეს მეუღლე გურჯიხათუნი, დავით ლოკელი, შალვა ეგეგომელი და სხვები არიან დაკრძალულნი? ხომ არ მიუთითებს ეს ფაქტი იმაზე, რომ მწიგნობართუხუცესი მათე და მისი მეუღლე, ქობაირის მონასტერში დაკრძალულ სხვა მოხელეებსა თუ დიდგვაროვნებთან შედარებით, უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე იდგნენ და სხვებზე უფრო აღმატებული პატივით სარგებლობდნენ? თუკი დადგენილ ფაქტად მივიჩნევთ იმ გარემოებას, რომ მწიგნობართუხუცეს მათესა და მისი თანამეცხედრის საფლავის ქვა იმთავითვე ცალკე მდგომ სამლოცველოში იყო ჩადგმული, მაშინ თითქოს მათე ქობაირის მონასტერში დაკრძალულ, „შანშეს სახლის“ სხვა მაღალ მოხელეებსა თუ დიდგვაროვან ვასალებზე უფრო აღმატებული პატივით სარგებლობდა. მაგრამ იყო კი ეს საფლავის ქვა იმთავითვე ცალკე მდგომ სამლოცველოში განთავსებული? საქმე ის არის, რომ აღნიშნული სამლოცველო ბოლო ხანებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად თითქმის თავიდან არის აგებული. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მწიგნობართუხუცეს მათესა და მისი თანამეცხედრის საფლავის ქვა თავდაპირველად ცალკე მდგომ სამლოცველოში არ იყო განთავსებული. ის აქ მხოლოდ მოგვიანებით, ხსენებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს მიიტანეს და ახლადაღდგენილი სამლოცველოს გასამშვენებლად მისი აღმოსავლეთი ნაწილის იატაკში ჩადგეს. აღნიშნულ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ის გარემოება, რომ მწიგნობართუხუცეს მათეს ვაჟის ასაფის საფლავის ქვა ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთი ეგვტერის წინ, ეზოშია ჩადგმული და ადგილნაცვალს ნამდვილად არ ჰგავს. ამ ბოლო ფაქტის გათვალისწინებით, ლოგიკურად დაისმის კითხვა: თუ ცალკე მდგომი სამლოცველო ნამდვილად მწიგნობართუხუცეს მათეს ოჯახის საგვარეულო საძვალე იყო, მაშინ იმავე სამლოცველოში რატომ არ არის დაკრძალული ასაფი, რომელიც მათეს ვაჟი იყო და, შესაბამისად, საგვარეულო საძვალეში, მშობლების გვერდით უნდა ყოფილიყო დაკრძალული? ამ და ზემოთ დასმულ სხვა კითხვებზე რაიმე დამაჯერებელი პასუხის გაცემა შესაბამისი მასალის არქონის გამო გამომცემლებს კვლევის ამ ეტაპზე არ შეუძლიათ და ამიტომ მათ ღიად ტოვებენ.

ბიბლიოგრაფია:

ჯოჯუა, გაგოშიძე, 2013 თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე, ქობაირის, ჰნევანქისა და ახტალის მონასტრების ქართული ლაპიდარული წარწერები, 279-280

ასათიანი, კალანდია, 2011 ქეთი ასათიანი, გიორგი კალანდია, ქობერის მონასტრის ქართული წარწერები, 10-14

ფოტო

   Fig. 1. ქობაირის მონასტრის ეპიტაფია შანშეს მწიგნობართუხუცესის მათესი და მისი მეუღლის თენისა

   Fig. 2. ქობაირის მონასტრის ეპიტაფია შანშეს მწიგნობართუხუცესის მათესი და მისი მეუღლის თენისა