ECG343. ქობაირის მონასტრის ეპიტაფია მსახურთუხუცესის ოგ͠ლა (?) ბუბასი

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ეპიტაფია

ზომა: w 83 x h 209 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა სამსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია რუხი ფერის ოთხკუთხა საფლავის ქვაზე, რომელიც ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის კარიბჭის ჩრდილოეთით, დასავლეთიდან მეორე სვეტის წინ, ცოტა უფრო აღმოსავლეთისაკენ წანაცვლებით, სვეტიდან, დაახლოებით, 50 სმ-ის დაშორებით, მიწაშია ჩადგმული; საფლავის ქვა ორ ნაწილად არის გატეხილი, თუმცა ნაწილები ერთმანეთისაგან დაცილებული არ არის. w 26 x h 57 cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა 5-8

დათარიღება: XIII-XIV AD (lettering)

სადაურობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი 2011 წელს ქეთი ასათიანისა და გიორგი კალანდიას ორგანიზებით განხორციელებული ორი სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად ქობერის მონასტერში გამოვლინდა მანამდე უცნობი 9 ახალი ქართული ეპიტაფია

თავდაპირველი მდებარეობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე

ცვლილებები ფაილში: 2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ესე ს(ა)ფლ(ა)ვი მს(ა)ხ(უ)რთუხ(უ)-
ც(ე)სისა (ოგ)(ლა) ბ(უ)ბაისი შ(ეუნდვე)ნ
ღ(მერთმა)ნ

დიპლომატიური

ႤႱႤ ႱႴႪႥႨ ႫႱႾႰႧႳႾ
ႺႱႨႱႠ ႡႡႠႨႱႨ ႸႬ
ႶႬ

თარგმანი:

ეს არის საფლავი მსახურთუხუცესისა ოგ͠ლა ბუბასი, შეუნდოს ღმერთმა.

კომენტარი:

წარწერაში ქარაგმის ნიშნებად გამოყენებულია განივი კლაკნილი ხაზი; განკვეთილობის ნიშნები: ორწერტილი ან სამი წერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ; ტექსტში ბგერა უ, ერთ შემთხვევაში, Ⴍ-ს (ო) საშუალებით არის გადმოცემული; წარწერაში გვხვდება ლიგატურის შემთხვევები. წარწერა დაზიანებული არ არის და ტექსტი თავიდან ბოლომდე გარკვევით იკითხება.

ეპიტაფიის ტექსტის პირველმა გამომცემლებმა გიორგი კალანდიამ და ქეთევან ასათიანმა წარწერაში მოხსენიებული მსახურთუხუცესის სახელი ვერ ამოკითხეს. თემო ჯოჯუამ და გიორგი გაგოშიძემ ეპიტაფიის II სტრიქონის ის ადგილი, სადაც მსახურთუხუცესის სახელია შესრულებული, თითქმის მთლიანად ამოიკითხეს. წარწერის ამ ადგილას ორი სიტყვაა წარმოდგენილი, რომელთაგან მეორე სიტყვა, უეჭველად, მამაკაცის სახელი „ბუბა“-ა. რაც შეეხება პირველ სიტყვას, ის, დიდი ალბათობით, „ოგლა“-ს ფორმით იკითხება. თუმცა გამომცემლები დაბეჯითებით ვერ ამბობენ, ეს სიტყვა შედგენილი საკუთარი სახელის „ოგლა-ბუბა“-ს პირველი ნაწილია, თუ რაიმე სხვა მნიშვნელობით არის გამოყენებული. ამიტომაც ეს სიტყვა კითხვის ნიშნის ქვეშ მოაქვთ.

თემო ჯოჯუასა და გიორგი გაგოშიძის მიხედვით, დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ მხარგრძელთა ფეოდალურ სახლს საკუთარი სამოხელეო აპარატი ჰქონდა, რომელსაც სათავეში მსახურთუხუცესი (იგივე, გორწაკალი, სასახლის ვაზირი) ედგა. მხარგრძელთა ერთ-ერთი მსახურთუხუცესი, სახელად ხავრასი, მოხსენიებულია ბაგნაირის ბიბლიის 1243 წლის მინაწერში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხავრასმა მსახურთუხუცესობა, რომელიც, სომხურ „იშხანთა თავს“ შეესაბამებოდა, ზაქარია და ივანე მხარგრძელებისადმი გაწეული ერთგული სამსახურისათვის მიიღო. გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანის აზრით, მათ მიერ ქობაირის მონასტერში მიკვლეულ ეპიტაფიაში მხარგრძელთა ფეოდალური სახლის კიდევ ერთი, სხვა წერილობითი ძეგლებისათვის უცნობი მსახურთუხუცესია მოხსენიებული.

თემო ჯოჯუა და გიორგი გაგოშიძე გიორგი კალანდიასა და ქეთევან ასათიანის ამ მოსაზრებას თითქმის მთლიანად იზიარებენ და რამდენიმე დეტალის დაზუსტებას მიიჩნევენ საჭიროდ: 1. ეპიტაფიის II სტრიქონის წაკითხვის შედეგად, ირკვევა, რომ მხარგრძელთა ფეოდალური სახლის ამ, აქამდე უცნობ მსახურთუხუცესს სახელად ოგ͠ლა ბუბა ერქვა; 2. მსახურთუხუცესი ხავრასი ზაქარია და ივანე მხარგრძელების თანამედროვე იყო და, შესაბამისად, მსახურთუხუცესობას XII საუკუნის მიწურულსა და XIII საუკუნის I მეოთხედში ფლობდა. რაც შეეხება მსახურთუხუცეს ოგ~ლა ბუბას, იგი ზაქარია და ივანე მხარგრძელების ჩამომავალთა თანამედროვე უნდა ყოფილიყო და მსახურთუხუცესის თანამდებობაც, ხავრასთან შედარებით, უფრო მოგვიანებით უნდა მიეღო; 3. მსახურთუხუცესი ოგ~ლა ბუბა მხარგრძელთა საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოების, მანდატურთუხუცეს შანშე I-ის ფეოდალური სახლის კუთვნილ საგვარეულო საძვალეში, ქობაირის მონასტერშია დაკრძალული, რაც გამომცემლებს აფიქრებინებს, რომ ოგ~ლა ბუბა „შანშეს სახლის“ მსახურთუხუცესი იყო და არა მხარგრძელთა საგვარეულოს მეორე განშტოების, ათაბაგ-ამირსპასალარ ავაგ I-ის ფეოდალური ოჯახის ანუ ე. წ. „ავაგის სახლისა“, რომლის საგვარეულო საძვალესაც ახტალის მონასტერი წარმოადგენდა; და 4. ის ფაქტი, რომ მსახურთუხუცესი ოგ~ლა ბუბა ქობაირის ქალკედონურ მონასტერშია დაკრძალული, ცალსახად მიგვითითებს იმაზე, რომ იგი, თავისი პატრონების, მანდატურთუხუცეს შანშე I-ისა და მისი ჩამომავლების მსგავსად, ქალკედონური მრწამსის აღმსარებელი იყო.

ბიბლიოგრაფია:

ჯოჯუა, გაგოშიძე, 2013 თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე, ქობაირის, ჰნევანქისა და ახტალის მონასტრების ქართული ლაპიდარული წარწერები, 279-280

ასათიანი, კალანდია, 2011 ქეთი ასათიანი, გიორგი კალანდია, ქობერის მონასტრის ქართული წარწერები, 10-14

ფოტო

   Fig. 1. ქობაირის მონასტრის ეპიტაფია მსახურთუხუცესის ოგ͠ლა (?) ბუბასი

   Fig. 2. ქობაირის მონასტრის ეპიტაფია მსახურთუხუცესის ოგ͠ლა (?) ბუბასი